საკონფერენციო მასალები
პრეზენტაცია
v
საკონფერენციო მოხსენება
საკონფერენციო მოხსენება
ინტეგრირებული გაკვეთილი
,,ქართული ანბანი და მხიარული რიცხვები“
გაუზიარო საკუთარი გამოცდილება შენს კოლეგებს, მოგეცეს შენი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის საჯაროდ განხილვის საშუალება, ასევე მოისმინო და გაეცნო შენი კოლეგების წარმატებულ პედაგოგიურ პრაქტიკას-მართლაც მნიშვნელოვანი, დროული და საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ავიმაღლოთ ჩვენი პედაგოგიური კომპეტენცია, უკეთ წარვმართოთ საგაკვეთილო პროცესი და გავაუმჯობესოთ სწავლა-სწავლების ხარისხი. და რადგან სწორედ ესაა ძიითადი მიზანი კონფერენციისა ,,წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა“, მინდა ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ამ კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ, ასევე დიდი მადლობა იმისათვის, რომ კერძო სკოლის მასწავლებლებსაც მოგვეცით საშუალება მიგვეღო მონაწილეობა მასში და წარმოგვედგინა თქვენთვის ჩვენი ნაფიქრი, ნააზრევი, პედაგოგიურ პრაქტიკაში განხორციელებული და დანერგილი ის ახალი მეთოდები თუ აქტივობები, რომლებიც პასუხობს სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს და რომლის გამოყენებაც მეტად მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
დიდხანს ვიფიქრე, თუ რა თემა შემერჩია საკონფერენციოდ და საბოლოოდ არჩევანი იმ ინტეგრირებულ გაკვეთილზე შევარჩიე, რომელიც შემიძლია თამამად ვთქვა, არის ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის, გამოცდილების შედეგად დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი, რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა მეც და ჩემს პატარებსაც. (გაკვეთილი ჩატარდა 2013-2014 სასწავლო წლის ნოემბერში)
სწავლების თანამედროვე მიდგომებმა მასწავლებლებს საშუალება მოგვცა დავგეგმოთ და ჩავატაროთ ისეთი გაკვეთილები, რომლებიც სასწავლო სახელმძღვანელოეში არ მოიძებნება. ასეთ გაკვეთილებს საჭიროების მიხედვით ვატარებთ კიდეც. ამ გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების იდეა კი მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემმა პატარებმა შეისწავლეს ორნიშნა რიცხვები 40-ის ფარგალში; ცოდნის მატარებელიც, რომელიც ერთი წელია ჩვენს კლასში იყო და რომელშიც ქართული ანბანის 33 ასო-ბგერა ჩემმა პატარებმა, I კლასში, თავიანთი ხელით ჩააწყვეს, უნდა გაგვეცილებინა; სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი დამეგეგმა და ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის მთავარი მიზანი იქნებოდა შემოწმება და შეფასება იმისა, თუ რამდენად სწორად იყენებენ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას როგორც ქართულ ენაში, ასევა მათემატიკაში; სათაურიც ამ მიზნიდან გამომდინარე შევარჩიე: ,,ქართული ანბანი და მხიარული რიცხვები“; აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ გაკვეთილზე გამოყენებული სასწავლო რესურსი მცირე ნაწილია იმ არასტანდარტული თვალსაჩინოებებისა, რომლებსაც ჩემი ხელით ვქმნი და წარმატებით ვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში; ეს არის რესურსი, რომელიც საინტერესოს ხდის და აადვილებს ახალი მასალისა თუ კონკრეტული თემის გააზრებას; ამ თვალსაჩინოებებს აქვს როგორც ვიზუალური, ასევე ინტელექტუალური დატვირთვა, ასეთი მასტიმულირებელი თვალსაჩინოება პატარებში იწვევს დადებით ემოციებს, რაც თავისთავად აისახება შედეგზე-მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და ხელს უწყობს სააზროვნო, საკომუნიკაციო, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას; იმაზე აღარ შევჩერდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვალსაჩინოებების ეფექტურად გამოყენება დაწყებით კლასებში;
გაკვეთილის მიზანი ასე ჩამოყალიბდა:
· შემოწმება და შეფასება იმისა, თუ რამდენად სწორად იყენებენ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას: შეძლეონ 10-დან 40-მდე ორნიშნა რიცხვების ამოცნობა, შექმნან ამ რიცხვების შესაბამისი გროვა, ანალიზი გაუკეთონ შესრულებულ დავალებას 9;
· დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად განსაზღვრონ თითოეული ასოს შესაბამისობა რიცხვთან და შეძლეონ მისი დახმარებით სიტყვების გაშიფვრა;
· მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ მოსმენის, დაკვირვების, საკუთარი აზრის გამოთქმის, კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
წინასწარი ცოდნა- შეუძლიათ რიცხვის შესაბამისი რაოდენობის გროვებად მოწყობა, მოცემული გროვის შესაბემისობა რიცხვთან, ამ რიცხვების წინა და მომდევმო რიცხვების დასახელება, ასევე ერთეულებისა და ათეულების დასახელება;
შეუძლიათ ზეპირად წარმოთქვან ქართული ანბანი, ერთმანეთისგან გაარჩიონ ხმოვნები და თანხმოვნები, მოცემული სიტყვებით ააწყონ წინადადება;
გაკვეთილის მსვლელობა
ლოცვა სწავლის დაწყების წინ;
განწყობის შექმნა (5 წთ)- განწყობის შექმნის მიზნით ბავშვებს ვთხოვე დაფაზე გაკრული სიტყვებიდან, რომლებიც მათთვის ბურატინომ მოიტანა, ამოერჩიათ ის სიტყვები, რომლებსაც ისინი დაუმეგობრდებოდნენ ამ გაკვეთილზე. მოსწავლეებს ვთხოვე არ დაევიწყებინათ და გაკვეთილის მიმდინარეობისას ყოფილიყვნენ აქტიურები, ყურადღებიანები, საზრიანები, საჭიროების დროს თავშეკავებულები, მე კი დავპირდი, რომ ეს გაკვეთილი იქნებოდა საინტერესო, დატვირთული და ცოტათი განსხვავებული სხვა გაკვეთილებისგან;
აქტივობა 2. გამოწვევა -ჯგუფური მუშაობა (10 წთ)
მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და ამ გაკვეთილის ლოკალური მიზანი(შემოწმება და შეფასება იმისა, თუ რამდენად სწორად იყენებენ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას), ავუხსენი, რომ გაკვეთილზე მუშაობა წარიმართებოდა მცირე ჯგუფებში; ჯგუფებად მოწყობაში დაგვეხმარა ჩვენი მეგობარი ნაცარქექია, რომელსაც გუდაში ფერადი კუბიკები უწყვია. მისი გუდიდან ამიღებული ფერების მიხედვით მოეწყვნენ ჯგუფებად-ბავშვები, რომლებსაც შეხვდათ წითელი ფერის კუბები გაერთიანდენნ ჯგუფში ,,ყაყაჩო“, ლურჯი ფერის-ჯგუფში ,,ია“, ყვითელი ფერის-ჯგუფში ,,მზე“, მწვანე ფერის ,, ჯგუფში ,,ჯეჯეილი“, შავხალებიანი კუბებისა-ჯგუფში ,,ჭიმაია“; აირჩიეს ჯგუფის ლიდერები; გავიხსენეთ ჯგუფური მუშაობის წესები და ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეფასდებოდა თითოეული ჯგუფის მიერ შესრულებული დავალება;
რიცხვთა შედგენილობის გააზრება-განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს დაურიგდათ მოძრავი რიცხვები, სუფთა ფურცლები და სიმინდის მარცვლების გროვები; (თეთრი სიმინდის გროვები ოცეულებია, ყვითელი-ათეულები, წითელი-ერთეულები;)
მიეცათ პირველი დავალება: დაალაგეთ მოძრავი რიცხვები ზრდის/კლების მიხედვით; დაისვა საანალიზო კითხვები: ამ რიცხვებიდან დაასახელეთ უდიდესი/უმცირესი რიცხვები; რომელი ციფრებით იწერება კონკრეტული რიცხვი; რატომ ეწოდებათ ამ რიცხვებს ორნიშნა რიცხვები; რას აღნიშნავს თითოეული ციფრი მოცემულ რიცხვში;
დავ.2-ბარათებში მოძებნეს უდიდესი რიცხვი; მოაწესრიგეს ამ რიცხვის შესაბამისი რაოდენობის გროვა; განიხილა ყველა შესაძლო ვარიანტი;(მაგ რიცხვი 39; ჯერ აიღეს 3 ათეული და 9 ერთეული, შემდეგ 1 ოცეული, 1 ათეული და 9 ერთეული) ვიმსჯელეთ ამ რიცხვების შედგენილობასა და სახელდებაზე; დაასახელეს მისი წინა და მომდევნო რიცხვები;
დავ.3-მოსწავლეებს ვთხოვე მოეძებნათ რივხვი, რომელშიც ათეულიცა და ერთეულიც ერთი და იგივე ციფრით იწერება;(33) მოაწესრიგეს მოცემული რიცხვის შესაბამისი გროვა;
აქტივობა 3. ახალი მასალის შინაარსის რეალიზება; (10წთ)
(მონაწილეობს მთელი კლასი) პატარებს ვთხოვე მიმოეხედათ საკლასო ოთახში და მოეძებნათ ისეთი რამ, რისი რაოდენობაც 33-ის ტოლია(ქართულ ანბანში 33 ასო-ბგერაა); გავიხსენეთ რა არის ანბანი, რა ვიცით ქართული ანბანის შესახებ, განვითარების რამდენი საფეხური გაიარა, რომელი ქართველი მეფის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ანბანის შექმნა და ა.შ. კითხვა- პასუხის პარალელურად მოხდა მონიტორით სლაიდების ჩვენება; დავუბრუნდით ჩვენს ქართული ანბანს, რომელიც ცოდნის მატარებელშია ჩალაგებული, უკვე ერთი წელიწადია ეს მატარებელი ჩვენთანაა და წასვლას აპირებს; ბავშვებთან კი ერთი სათხოვარი აქვთ ქართულ ასოებს -აინტერესებთ, თუ რომელ ნომერ ვაგონში სხედან და ბავშვებს სთხოვენ დანომრონ მათი ადგილები ანბანის რიგში, ზოგიერთი ვაგონი დანომრილია, ბავშვებმა კი უნდა შეძლონ უპასუხონ კითხვებს და ასოებს შეუსაბამონ რიცხვები: მაგ:რა რიცხვი შეესაბამება ასო ,,ჰაე“-ს(33) რატომ?(რადგან ქართულ ანბანში 33 ასო- ბგერაა და ასო ,,ჰაე“ ანბანში ბოლო ასოა); რა რიცხვი შეესაბამება ,,ან“-ს; თუ ვიცით რომ ასო ,,ჩან“-ს შეესაბამება რიცხვი 25, რა რიცხვი შეესაბამება მის წინა/მომდევნო ასოს; ბავშვებმა დიდი ხალისით დანომრეს ქართულ ასოები ცოდნის მატარებელში;
აქტივობა 4. რეფლექსია (10 წთ)- მუშაობა გრძელდება ჯგუფებში:
დავ.4-ჯგუფებს დაურიგდათ დანომრილი ქართული ანბანი და ბარათები რიცხვებით; მოსწავლეებს გავაცანიო დავალების შინაარსი: ანბანში მოძებნონ ბარათზე დაწერილი რიცხვების შესაბამისი ასო და მიუწერონ რიცხვებს ისე, რომ მიიღონ სიტყვა; ეს სიტყვები განთავსდა დაფაზე. ბავშვებმა გაიხსენეს, რა შეიძლება შევადგინოთ სიტყვებისაგან (წინადადება); რა არის წინადადება; რამდენსიტყვიანი შეიძლება იყოს იგი; როგორ არის წინადადებაში სიტყვები დალაგებული;
დავ.5-ჯგუფებს მიეცათ ახალი დავალება-სიტყვები დაელაგებინათ ისე, რომ მიიღონ წინადადება; მოხდა მიღებული წინადადების ანალიზი;
დავ. 6-მიღებული წინადადების მიხედვით შვადგინეთ ამოცანა (ხმოვნებისა და თანხმოვნების რაოდენობის გათვალისწინებით)
შემოწმდა და შეფასდა ჯგუფებში შესრულებული თითოეული დავალება; ჯგუფებს დაურიგდათ თვითშეფასების სქემები; თითოეულმა ჯგუფმა შეავსო შეფასების სქემა, რომელიც ნამდვილად ობიექტური და ცოტა თვითკრიტიკულიც იყო;
აქტივობა 5. შეხვედრა ,,კლოუნ კიკოსთან“. (5 წთ)
ბავშვებთან ახალი სტუმარია-მათი მეგობარი კლოუნი კიკო, რომლის მოტანილი დავალებები პატარებს ძალიან მოსწონთ; კლოუნის გარშემო გაბნეულია ყვავილები, მათ გულებში კი ჩალაგებულია ბარათები გამოსახულებებით. გამოსახულებების უკანა მხრიდან ასოებია დაწერილი. იქვეა ორსტრიქონიანი ჯიბაკები, პირველ სტიქონში ჩალაგებულია რიცხვები. ბავშვებმა ამოხსნეს გამოსახულება და ასოს მხრიდა ჩააწყვეს პასუხების გასწვრივ, აიწყო სიტყვა ,,ერთობა“.
ბავშვებმა იმსჯელეს, თუ რატომ მოიტანა ეს სიტყვა კიკომ, რა იყო ამ გაკვეთილზე ერთობის გამომხატველი ფორმა, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად; გავიხსენეთ ანდაზა ერთობაზე ,,ძალა ერთობაშია“;
მიეცათ საშინაო დავალება, რომელიც ჩალაგებული იყო მათ ბარათებში, თუთიყუშ ჟაკოსთან და რომელიც პირდაპირ შეესაბამებოდა ამ გაკვეთილის თემატიკას;(იხ. დანართი 1)
გაკვეთილის შეფასება/შეჯამება (5 წთ)-გაკვეთილის ბოლოს შეჯამდა გაკვეთილი: ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები გაკვეთილის ირგვლივ: რომელი არტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად, რას გააუმჯობესებდნენ სამომავლოდ, რა ისწავლეს ახალი, იყვნენ თუ არა ისეთები, როგორიც უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ და სხვა.
რაც შეეხება შეფასებას: გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება-გაკვეთილის მიმდინარეობისას სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით გაკეთდა კომენტარები მოსწავლეების მიმართ, კონკრეტულ სიტუაციაში მოხდა მოსწავლეთა შექება, წახალისება, გამხნევება, რჩევის მიცემა; ნამუშევრების შეფასებისას ყურადღება გამახვილდა ჯერ მის დადებით მხარეზე, შემდეგ შეცდომებზე და მისი გამოსწორების გზებზე. ჯგუფური მუშაობის შეფასება მოხდება შეფასების სქემებით: მოხდა ჯგუფების თვითშეფასება (დან. 2); მასწავლებლის მიერ თითოეული ჯგუფის შეფასება; (დან. 3)
დამსწრე კოლეგების მიერ მოხდა გაკვეთილის შეფასება შეფასების სქემებით (დან. 4);
გაკვეთილი კი, როგოგორც ჩემს პატარებს დავპირდი, მართლაც საინტერესო და დატვირთული გამოვიდა. ისწავლეს, რომელ რიგში დგას ქართული ანბანის თითოეული ასო; მისი გამოყენებით შეძლეს სიტყვების გაშიფვრა, გაიღრმავეს ცოდნა მათემატიკასა და ქართულში, განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები, დაკვირვებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარები;
იმედს ვიტოვებ, მომეცემა საშუალება და ჩემს კოლეგებს გავუზიარებ ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას; და რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია-მოვისმენ მათ აზრსა და შეხედულებებს ამ გაკვეთილის ირგვლივ, მათთან ერთად გავარკვევ, თუ რა იყო კარგი და რისი გამოსწორება იქნებოდა სასურველი, რომ შემდეგში ჩემი პედაგოგიური საქმიანობა უფრო სრულყოფილად, საინტერესოდ და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად წარვმართო;
კონფერენცია ,,პროექტული სწავლება"
მასწავლებლის სახლი
ალბად ამ სურათებიდანაც შეამჩნევთ, რომ კონფერენციაში საკმაოდ წარმატებულად მივიღე მონაწილეობა!!!!👍😍

No comments:
Post a Comment